თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. მიღებას აშშ-ის სამხედრო თანამდებობის პირები, აშშ-ის მთავრობის, აკადემიური წრეებისა და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმრებს შორის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი, გენერალ ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი (აშშ-ის არმია J - 3/5/7) და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯო ჯერარდრი იყვნენ. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს.
თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა. თინათინ ხიდაშელმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებაც უამბო, რომელსაც 31 წელი, სწორედ, 18 აგვისტოს შეუსრულდებოდა.
საელჩოში გამართულ მიღებაზე 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ მომზადებული ფოტოკოლაჟის პრეზენტაციაც გაიმართა.