საქართველო საერთაშორისო კონკურსის, "ალიანტე 2015“-ის 45 გამარჯვებულს მასპინძლობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმატებული ახალგაზრდები საქართველოში ათ დღეს დარჩებიან, დაათვალიერებენ ისტორიულ ქალაქებსა და ძეგლებს, მოინახულებენ სამხედრო ბაზებს, შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს.
8 ქვეყნიდან ჩამოსული კონკურსის გამარჯვებულები 5 დღეს შეიარაღებული ძალების X კადრირებული ბრიგადის სორტის ბაზაზე, ხოლო 5 დღეს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაატარებენ.
საქართველოში სტუმრობის პირველ დღეს ახალგაზრდებმა გვარდიის X კადრირებული ბრიგადისა და II ქვეითის ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. კონკურსის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მეორე ქვეითის ბრიგადის სიმულაციურ ცენტრში არსებული სავარჯიშოები თავად გამოეცადათ. სამხედრო ბაზებზე სტუმრობის შემდეგ, ახალგაზრდებმა ძვ.წ. III საუკუნით დათარიღებული ციხე-ქალაქი ნაქალაქევი დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.
საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
საქართველო „ალიანტეს“ 2008 წელს შეუერთდა. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს შესაბამისი აპლიკაცია 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეავსო.
საერთაშორისო კონკურს „ალიანტეში“ ახალგაზრდები საქართველოს გარდა კანადიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ლიტვიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობენ. წელს „ალიანტეს“ დასკვნითი ფინალი ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართა. კონკურსის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში ფიზიკურ გამძლეობაში, სხვადასხვა სახის სირთულეების გადალახვასა და ინტელექტუალურ ტესტებში შეეჯიბრნენ. ფინალში გამარჯვებულები კი საქართველოს ეწვივნენ.
ნათია ტრაპაიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: „საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია, ალიანტეს არსებობის 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატოს არაწევრი ქვეყანა მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს. 10 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ნახავენ და გეცნობიან როგორც თავდაცვის ობიექტებსა და ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლითაც ჩემი ქვეყანა ასე მდიდარია. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი საქართველოდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან“.
იაკუბ ანდრიუშეკი, „ალიანტეს“ გამარჯვებული ჩეხეთიდან: „ალიანტეს" შესახებ 2 წლის წინ ჩემს მეწყვილესთან ერთად გავიგე. შევავსეთ აპლიკაცია, გავიმარჯვეთ და წავედით გერმანიაში. იქ შევიტყვეთ, რომ შემდეგ წელს გამარჯვებულები საქართველოში იმოგზაურებდნენ და გადავწყვიტეთ, მეორე წელსაც მიგვეღო მონაწილეობა. საქართველოში მოგვეცა შესაძლებლობა სამხედრო ტექნიკა დეტალურად დაგვეთვალიერებინა, ჩავმსხდარიყავით ტანკებში და ხელში დაგვეჭირა იარაღი. ძალიან მოგვეწონა ეს პროცესი.“
ანი ჩიქოვანი, კონკურსში გამარჯვებული: „შემთხვევით გავიგე ამ პროგრამის შესახებ. გავიარე ტესტები ინგლისურად და გასუბრება ქართულ ენაზე. პირველ ეტაპზე საქართველოს სამხედრო ბაზებზე ვიყავი, შედეგად ორი ქართველი უკვე მოვხვდით ლიტვაში. შემდეგ გუნდში ორი უცხოელი დაგვემატა. მათთან კონტაქტი დღემდე ძალიან მეხმარება“.
საქართველოში კონკურს „ალიანტეს“ კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ უწევს.