პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში გამართული სწავლების დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს და კურსის დამამთავრებელი შესაბამისი სერტიფიკატები, ჯილდოები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ღონისძიებას საფრანგეთის თავდაცვის ახალი ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოც დაესწრო.
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსში მონაწილე ოთხი ქვეყნის - სომხეთის, ლატვიის, უკრაინისა და იორდანიის 12 სამხედრო მოსამსახურეს სწავლება ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს. კურსის პირველ ეტაპზე მსმენელებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩვევები გაიხსენეს. მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას, დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმო.
მსმენელებმა პრაქტიკული მეცადინეობა ყაზბეგში, ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერზე გაიარეს. პრაქტიკული მომზადების ფარგლებში, სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა და მსმენელებმა უცხოელი ტურისტის სიცოცხლე იხსნეს. მათ მყინვარწვერის ტერიტორიაზე მყოფი პოლონეთის მოქალაქე ნაპრალიდან ამოიყვანეს.