სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსი ჯარისკაცის, ვალერი პერმიაკოვის მიერ ავეტისიანების ოჯახის წევრების დახოცვის ფაქტზე, სასამართლო პროცესი დაიწყო.
სასამართლო პროცესი რუსეთის ფედერაციის სამხრეთ-კავკასიის სამხედრო ოლქის მეხუთე გარნიზონის სასამართლოში მიმდინარეობს. პერმიაკოვს „დეზერტირობის“,“იარაღის ქურდობის“ და „იარაღის უკანონო ტარების“ ბრალი აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა.
პერმიაკოვმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც იგი თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
რუსი ჯარისკაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს გიუმრისა და ერევანში საპროტესტო აქციები მოყვა.