საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის 4 შინდისელი დააჯილდოვა.
ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადაეცათ ბადრი(ახმეტა) ხუციშვილს, შალვა კვინიკაძეს, ილია კვინიკაძეს და ნუკრი ლაგორაშვილს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, მტრის პატრულირების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს შინდისის გმირები.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი.
“დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მიწა- წყალი. ამ თავდადებამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვე სახელმწიფო და გადაგვატანინა რთული პერიოდები.
ჩვენმა თანამემამულეებმა აქ გამოჩენილი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძინეს უკვდავება. სწორედ ასეთი გმირობის ფასად იქმნება ქართველი ერი.
ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, რადგან დღეს სიამაყით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვერ დაგვჩაგრეს, ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული.
ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. არცერთი მათგანი არ გატყდა და შესაბამისად, არ გავტყდით ჩვენც!
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოთმინებაზე თამაში სრულიად უსარგებლოა, ჩვენს უკან დგანან ჩვენი გმირები, დგას ჩვენი წარსული, ჩვენი რწმენა, რომელშიც არავის არასდროს არ შეუტანია ეჭვი, ჩვენი ისტორიის უფრო რთულ მომენტებშიც კი! რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთიანი და იმ მომენტში, როდესაც ეს ერთიანობა დარღვეულია არ არსებობს ქართველი, რომელიც არ ფიქრობდეს - რა ღვაწლი შეიტანოს ამ ერთანობის აღდგენაში.
ამიტომ შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა, სანამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს მივაგებთ პატივს და ვისაც დღეს ვუცხადებთ მადლობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გორის რაიონის სოფელ შინდისში დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილზე გმირთა მემორიალია აღმართული.