ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მღვდელთმსახურება 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობს. ქართული ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.