აგვისტოს ომის 7 წლისთავის აღნიშვნა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა 7 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ომის გაკვეთილებმა, ტრაგედიამ, წინააღმდეგობებმა და აგრესიამ ქვეყანამ უნდა გააერთიანოს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ აგვისტოს დღეები იქნება ერის გაერთიანების და ქართველი ხალხის ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი. არ არსებობს სამხედრო ძალა, არ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელიც ომს მოიგებს და ქვეყანას გაამარჯვებინებს, თუ არ არის კონსენსუსი. ქვეყანა უნდა იყოს შეთანხმებული მთავარ საკითხებზე - ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე, საით მიდის ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი რისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.