საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს.
ტავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ინფორმირებას, მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას, ასევე საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასა მოიცავს. მიზანი კი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებაა.
სამხედრო ქვედანაყოფებში საინფორმაციო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 5 აგვისტოს, დასრულდა. „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მასში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც არის ჩართული.
დასავლეთ სარდლობის დანაყოფების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებები აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფებშიც იგეგმება. პროგრამაში მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან, რომლებიც გადამზადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.