კოჯორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი მიმდინარეობს. 33 მსმენელი დასკვნით საველე სიტუაციურ ამოცანებს ასრულებს. კურსანტები ამჯერად აერომობილურ მომზადებას გადიან. მომავალი ოცეულის მეთაურები ვერტმფრენში ჩასხდომას, დესანტირებას, დაშავებულის ევაკუაციას და სხვა დავალებებს ასრულებენ.
საველე წვრთნები 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსმენელები სხვადასხვა ტაქტიკურ, საინჟინრო და ტოპოგრაფიულ ამოცანებს შეასრულებენ. კურსანტების მზადყოფნა აკადემიის ინსტრუქტორების მიერ საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და შეფასების პროგრამის მიხედვით მოწმდება.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს უკვე გავლილი აქვთ უმცროს ოფიცერთა მომზადების 6-თვიანი საკანდიდატო კურსი. ქვეით ოფიცერთა მომზადება 2 თებერვალს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცრები სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.