საჰაერო თავდაცვის შესახებ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი წლიდან ქართული კონტინგენტი სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა.
,,დღეს მთავრობის სხდომაზე გავიდა და დამტკიცდა ხელშეკრულების ფინანსური ნაწილიც, შესაბამისად, გეგმის მიხედვით დაიწყება პირველი ნაწილის განხორციელება. კერძოდ, მომავალი წლიდან შესაბამისი კონტინგენტი გაიგზავნება სწავლებაზე. ასევე ფრანგები თავადაც ჩამოვლენ ჩვენების მოსამზადებლად საქართველოში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, იმ შეიარაღების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რომლის შეძენაც საფრანგეთთან შესაბამისი მოლაპარაკებების ფარგლებში მოხდება, საქართველოს საჰაერო თავდაცვა მთლიანად დაცული და შევსებული იქნება.
"მთავარი სხვაობა ძველი ხელშეკრულებების ვერსიებსა და იმას შორის, რასაც ხელი მოვაწერეთ არის ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ამოცანა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გენშტაბის რჩევის საფუძველზე ამოცანად დავისახეთ, რომ ერთი სეგმენტის მოწესრიგება მთლიანად დაგვესრულებინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის შემდეგ, როცა შენაძენი ჩამოვა საქართველოში, ერთი სეგმენტი, ანუ საჰაერო თავდაცვა მთლიანად დაცული და შევსებული იქნება. ჩვენ დავინახავთ ყველაფერს. ხედვა გვექნება ასპროცენტიანი და ასევე, პირველადი ეტაპი წინააღმდეგობის გაწევის იქნება სრულყოფილი. დანარჩენი უკვე ბუნებრივია, შემდგომი მოლაპარაკებების და ფინანსური შესაძლებლობების საქმეა", - განმარტა ხიდაშელმა.