საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა. ვიცე-პოლკოვნიკი ოლივერ მადიოტი დავით ებრალიძეს ყოფილმა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა წარუდგინა.
ფრანგ დიპლომატს დამთავრებული აქვს საჰაერო ძალების აკადემია და ომის კოლეჯი. ვიცე-პოლკოვნიკი ოლივერ მადიოტი 2012 წლიდან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში მსახურობდა.
მინისტრის მოადგილემ ახალ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. დავით ებრალიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივერ მადიოტმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს.
დავით ებრალიძემ ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.