საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტურს იმერეთის რეგიონში სტუმრობით გააგრძელებს.
12:00 საათზე თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კოპიტნარში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფს მოინახულებს. დაგეგმილია შტაბის, სასადილოს, სიმულაციური ცენტრის, მშენებარე ჭაბურღილის ავტოპარკისა და რაკეტების მაკეტების დათვალიერება.
14:00 საათზე თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი მედიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შეირაღებული ძალების III ქვეით ბრიგადაში გადაინაცვლებენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
უწყების ცნობით, თინათინ ხიდაშელი III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას გაეცნობა და ბაზის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.
მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სიმონეთის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკურ სწავლებას დაესწრება.
დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში ტურის მეოთხე დღეს თინათინ ხიდაშელი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრობით დაასრულებს.
საღამოს, ლიცეუმის კლუბში გაიმართება ლექცია თემაზე „სამოქალაქო თავდაცვა და სამხედრო განათლება“.
დისკუსიას თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან: მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი ლევან ბერია, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გუგა სიხარულიძე, ადგილობრივი უნივერსიტეტების, რესურსცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.