თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა. გამგზავრებამდე ჯონ მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.
უწყების ცნობით, ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სიგელი გადასცა და თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა.
„ჩვენ ბრიტანულ მხარესთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონ მაკკულამ რეალურად მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაგვიწია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს გვაწუხებს - იქნება ეს დაჭრილი მეომრების რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ სოციალური დახმარების გაწევა ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებისთვის. ეს არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ჯონ მაკკულამ ქართულ მხარეს რეკომენდაცია მისცა აღებული გეზი გააგრძელოს.
„ის განვითარება და პროფესიონალიზმი, რაც მე აქ დავინახე, ნამდვილად დასაფასებელია“ - აღნიშნა ბრიტანელმა მრჩეველმა.
დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ორი თვის წინ დროებით მოავლინა. ჯონ მაკკულა თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში უწევდა.