პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება და აცახდებს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, საყოველთაო მშვიდობისა და საერთაშორისო სტაბილურობის გზაზე.
,,მივესალმები ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე E3/EU+3 ფორმატში ირანთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 2015 წლის 14 ივლისს შეთანხმებისა და ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) ხელმოწერას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, გადადგმული საყოველთაო მშვიდობისა და საერთაშორისო სტაბილურობის გზაზე. შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა ხანგძლივი და მეტად რთული პროცესის შედეგად იქნა მიღწეული, ისტორიული მოვლენაა და ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს ამ პროცესს. ირანი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ქვეყანაა საქართველოსთვის, არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული უძველესი ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე. დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მისი მხარდაჭერა ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე”, _აცხადებს თედო ჯაფარიძე.
მისივე თქმით, შეთანხმება გზას გაუხსნის ახალ ეკონომიკურ კავშირებს ირანთან.
,,ეს არის უდიდესი წარმატება ფორმატში მონაწილე ყველა მხარისათვის, და განსაკუთრებით ირანისთვის, რომელიც ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის ფარგლებში მნიშვნელოვნად შეამცირებს ბირთვულ პროგრამას, რაც განაპირობებს მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის, გაეროს მხრიდან დაწესებული სანქციების მოხსნას. შეთანხმება გზას გაუხსნის ახალ ეკონომიკურ კავშირებს ირანთან, რაც გააძლიერებს თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან და შედეგად ხელს შეუწყობს რეგიონში ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების დონეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და მთელს მსოფლიოში”, _აცახდებს ჯაფარიძე.