გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლების 2015 „სამგლე ველის“ მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად საველე ბანაკის მართვის ცენტრი დაათვალიერა და სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ კი მინისრტმა სხვადასხვა სასწავლო წერტილი და საპატრულო ბანაკი მოინახულა, ასეულის სწავლებას დაესწრო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.
„ჯარი მუდმივად მზადების პროცესშია და ეს სწავლებაც ამის დასტურია. ჩვენი ჯარისკაცები მომზადების კურსს, პრაქტიკულად, 12 თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ბაზებზე და სხვადასხვა ადგილებში გადიან. ამ შემთხვევაში სადაზვერვო კურსს ვესწრებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს მუდმივად განახლებადი - მოიზიდოს რესურსები როგორც უცხოელი ინსტრუქტორების მეშვეობით, ასევე იმ მატერიალური საშუალებებით, რომლითაც მარაგდება და მდიდრდება ჯარი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. საველე სწავლება 2015 „სამგლე ველის“ დასრულების შემდეგ, თინათინ ხიდაშელი საველე სწავლებაში მონაწილე სამხედროებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს შორის გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და ჭიდაობასა და მკლავჭიდში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება 22 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება.
წვრთნებში ყველა დანაყოფის სადაზვერვო ასეულებისა და მხარდამჭერი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სწავლებას პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. საველე წვრთნების განმავლობაში სამხედროები სადაზვერვო, ტაქტიკურ, ტოპოგრაფიულ, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას გაივლიან.