ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.
ქართველი სამხედროები ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.
სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ მიულოცეს. აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ომარ ბეგოიძე და რომან ჯოხაძე დახვდნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ეს პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.
ქართველმა სამხედროებმა წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის ავღანეთში გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს. ქვედანაყოფი III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.