საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას ჩეხეთის მხარემ ჩერნინის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე ლუბომირ ზაორალეკმა ქართულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
როგორც ჩეხეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ლუბომირ ზაორალეკმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა. როგორც შეხვედრის მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობის დადასტურებაა. შეხვედრას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.