საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების -"Agile Spirit 2015" მიმდინარეობას ეცნობა. პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2015" საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება.
სწავლების ფარგლებში, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი შეიქმნა, რომელიც ძირითადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული.
საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთმოქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით სომხეთის და მოლდოვას სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
საქართველოს მხრიდან წვრთნაში მე-4 მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული. სწავლებაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები კი ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.