NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი ჯეფ ჰოლდენი ქართულ ჯავშანჟილეტს მესამედ იცვამს. ამჯერად იგი სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV“-ის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს. ჯეფმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი უკვე მოინახულა. რამდენიმე დღე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გაატარა . ამერიკელი რეპორტიორი წუხს, რომ ავღანეთში ყოფნისას, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველ სამხედროებზე რეპორტაჟის მომზადება ვერ მოახერხა. თუმცა აქვე ამბობს, რომ NATOCHANNEL.TV ავღანეთში საკმაოდ ხშირად აშუქებს ქართველი მეომრების საქმიანობას. ეს სატელევიზიო რეპორტაჟები NATOCHANNEL.TV-ის ოფიციალურ საიტზეა ატვირთული.
სამხედრო პოლიგონიდან ჯეფ ჰოლდენმა დღეს გორის რაიონში გადაინაცვლა და სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტის მიმდინარეობა გადაიღო. სოფელ სკრაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსებმა შეიარაღების საცავი ააფეთქეს. აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საბრძოლო მასალით დააბინძურა. ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) პროექტის ფარგლებში კი აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა გასული წლიდან ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგები უტარდება და აღჭურვილობასაც აწვდიან.
ჯეფ ჰოლდენს სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი, საინჟინრო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის მენეჯერი დევიდ თოუნდროუ (David Towndrow) და სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- ს წარმომადგენლები დახვდნენ. სწორედ, ისინი იქნებიან ამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟის მთავარი გმირები, რომელიც ნატოს არხისთვის მზადდება.