საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მზად არის, პარლამენტის ნდობის ჯგუფს საფრანგეთში ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს.
ხიდაშელის უწყების ინფორმაციით, მინისტრი პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა და მზად არის, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, როდესაც ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღს გადაწყვეტენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მზად არიან, მთავარსარდლისთვის და მთავრობისთვის პრეზენტაცია გამართონ.
დღეს, თინათინ ხიდაშელი ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
"ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე კვირის წინ, უფრო ეფექტური იყოს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ სისტემას შეიძლება დააშენონ ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე", _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ პირველი კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა.