საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრია გოცირიძემ ახალი ინიციატივა იმ ქართველ სტუდენტებს გააცნო, რომლებიც განათლებას ესტონეთში იღებენ. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, ბიუროს დირექტორი კიბერუსაფრთხოების სფეროში სტუდენტების სასურველ მიმართულებებს გაეცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სტაჟირების პროგრამის დანერგვა საქართველოს მთავრობის „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების თანახმად ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ეროვნული კიბერშესაძლებლობების განვითარების საქმეში სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალის ჩართვას და საკადრო რეზერვის ბაზის შექმნას უზრუნველყოფს.