აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს სენატორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურ გენერალ ჯონ კემბელთან ერთად დაესწრო. აშშ-ის სენატორის უსაფრთხოებას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ.
ჯონ მაკკეინმა ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილზე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. ქართველი სამხედროები პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. მისიის მეთაურმა გენერალმა კემპბელმა მითხრა, რომ ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. ისინი ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს - სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“.