საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ესპანურ საინფორმაციო სააგენტოს “EFE” ესაუბრა. მინისტრის ინტერვიუ რამდენიმე წამყვანმა ესპანურმა ინტერნეტგამოცემამაც გაავრცელა.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს აგვისტოში ესტუმრება და ვიზიტის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თბილისთან ახლოს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. „გენერალური მდივანი ესტუმრება ქვეყანას, რომელიც ალიანსის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია; ქვეყანას, რომელსაც ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრობას დაპირდნენ; ქვეყანას, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს მისიებში ავღანეთში“ - განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდშელმა ესპანურენოვან სააგენტოს “EFE”. საქართველო, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს. გასული წლის ნატოს უელსის სამიტზე კი გადაწყდა, რომ საქართველოში ერთობლივი ცენტრი გაიხსნებოდა. რაც შეეხება ავღანეთის მისიას, საქართველომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტი გააგზავნა - 1700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. საერთაშორისო მისიაში 30 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოში მუდმივად იქნება წარმოდგენილი ნატოს რვა ოფიცერი. „ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). რა ფორმით იქნება საქართველო წარმოდგენილი, მოლაპარაკებების დროს გაირკვევა. ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება უკვე გამოვხატეთ“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ერთი წლის შემდეგ, ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს, რომელიც შემდეგი საფეხურია ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ნატომ კარი გაუღო მონტენეგროს. ეს არის ნათელი გზავნილი სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ ნატო განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„ნატოს გაფართოების ციკლი არ უნდა შეწყდეს. ეს ჩვენ ოპტიმიზმს გვმატებს“ – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, „2008 წლის რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ¾ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თუ ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ეს მოსახლეობის იმედგაცრუებას გამოიწვევს.“
„მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ძველი ევროპის“ ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოსადმი ნდობის ყველაზე ნათელი დადასტურება იყო ივნისში საფრანგეთის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიეყიდა ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რომელიც საქართველოში მალე შემოვა და უპრეცედენტოდ დაიცავს საქართველოს ცას“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ მოუსმენია რომელიმე ოფიციალური პირის განცხადება, რომ საქართველო არ იმსახურებს ნატოს წევრობას.
ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტამდე, მთავარი პარტნიორის - აშშ-ის მხარდაჭერის განსამტკიცებლად, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აგვისტოს შუა რიცხვებში ვაშინგტონს ეწვევა და თავის კოლეგასთან, ეშტონ კარტერთან მოლაპარაკებებს გამართავს. "ჩვენ მთელ რიგ საკითხებს განვიხილავთ, მათ შორის ნატოსთან თანამშრომლობის თემატიკასაც" - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან უარყოფით რეაქციაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ "რუსეთის ხელისუფლება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობით უკმაყოფილოა, მაგრამ ამით ჩვენი არჩევანი არ იცვლება".
"რაც შეეხება უკრაინას, იქ არსებულ მდგომარეობას ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, რამდენადაც 2008 წელს იგივე გადავიტანეთ. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში კვლავ შესაძლოა, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდეს. თუმცა, მსურს მჯეროდეს რაციონალიზმის. დღეს მსოფლიო "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ძალიან სერიოზული ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. არავის, პირველ რიგში კი რუსეთს, არ აქვს იმის კომფორტი, რომ ეს საფრთხე არ გააცნობიეროს" - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, "არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთი თავის ერთადერთ მეკავშირესთან - დასავლეთთან კონფრონტაციაში შევიდეს, რადგანაც თავად რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე".
"აშკარაა, რომ რუსეთში მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი ახალი საფრთხეების მასშტაბს აცნობიერებენ. მსურს მჯეროდეს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობის ხიდი სწორედ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის სფეროში გაჩნდება. მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოტენციალს ამ მიმართულებით" - განაცხადა ხიდაშელმა.