თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ
საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ზედმეტი საუბარი, მხოლოდ არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, არ აპირებს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟში მონაწილეობას.
„არ მაინტერსებს. არ ვაკეთებ კომენტარს. მე ამ ქვეყნის მოქალაქე და დღეს მისი თავდაცვის მინისტრი ვარ. ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, იგი მხოლოდ ვირტუალურად არის დაბარებული.
„სიმართლე რომ გითხრათ, არც ეს ისტერია მესმის, რომელიც ატეხილია. პარლამენტში მიბარებენ. არ მესმის დაბარება ვირტუალურად. გამაგებინონ, როდის არის ნდობის ჯგუფის სხდომა, რომელ საათზე, სად - თბილისში თუ ქუთაისში და მერე მოაწყონ ისტერიკა იმაზე, რომ თურმე სადღაც დაბარებული ვყავარ, თუ უარს ვიტყვი იქ მისვლაზე“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 15 ივნისს მოაწერა.
„თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოწვევას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაიმართოს.