საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ვეტერანები ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მისი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, ასევე, "შავნაბადას" და "ავაზას" ბატალიონების წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების
პატივისმისაგებად გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ
ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 14:30
საათზე მივლენ.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. 1992 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან გადმოსხმული დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად "შავნაბადას" და "ავაზას" ბატალიონებმა განიცადეს.