საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰოეგს შეხვდა. დავით ებრალიძემ ერიკ ჰოეგს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს EUMM-თან საკონტაქტო პირი ერიკ გერსტანდი, ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ირინა ცერცვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერია და მემორანდუმის პირობები, რომელიც მხარეებს შორის არსებობს უნაკლოდ სრულდება. ერიკ ჰოეგმა დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროში გენდერის თანასწორობის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზეც. თავდაცვის სამინისტრო EUMM-თან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის მზადყოფნას გამოხატავს.