საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ბესიკ ლოლაძე ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გამოსვლისას მან თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ბესიკ ლოლაძემ აღნიშნა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე შექმნილ სკოლას უსაფრთხოების სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ექნება როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების, კეთილსინდისიერების ამაღლების, გენდერის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარების საკითხებიც მიმოიხილა.
ნატოს შტაბ-ბინაში ბესიკ ლოლაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატოში გერმანიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დოქტორ ულრიხ სანტესთან.
მან გერმანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის მნიშვნელობა და გერმანიის წვლილი. ბესიკ ლოლაძე ნატოს საერთაშორისო სამსახურის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს დოქტორ ალბერტო ბინსაც შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სამინისტროსთვის კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები