ENG / RUS       12+

მორიგი ტესტი სასამართლოსთვის

მორიგი ტესტი სასამართლოსთვის - ტრაილერების საქმე.

30 ივნისი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, შესაძლოა, მორიგ საკრალურ თარიღად იქცეს და მოსამართლემ ტრაილერის მძღოლები, რომელთაც, ადვოკატის თქმით, ქურდობას „ტენიან“, რამდენიმე წლით „ვირის აბანოში“ გაუშვას.

ლაპარაკია გელა ჯოჯუასა და მალხაზ ინალიშვილზე, რომელთაც გამოძიება იმას ედავება, რომ 2014 წლის 4 ნოემბერს მოპარული კონტეინერი ავტომობილით გადაიტანეს. ამ ბრალდების დამტკიცებას გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთისა და, ასევე, ფოთის სამხარეო თუ რაიონული პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ცდილობს, რომლებიც თითქოს კანონის სრული დაცვით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტებს, ესწრებოდნენ.

„ყველა პოლიციელი ამბობს, რომ ჯოჯუას და ინალიშვილს ჩვენება ქალაქ ფოთში, სამმართველოს შენობის მეორე სართულზე წაუკითხეს. ამასვე ადასტურებენ ოქმში მოწმეებად გამოყვანილი, თბილისში მცხოვრებლები ლერი კირვალიძე, რობინზონ კირვალიძე და საფაროვი. არადა, მერე, რობიზონ კირვალიძემ ერთი კვირის გარდაცვლილი შვილის სული დაიფიცა, რომ მისი თანდასწრებით ჩვენება არც ექსპერიმენტის დროს წაკითხულა და არც - შემედგ. ოქმში წერია, რომ თითქოს გელა ჯოჯუამ ხელის გაშვერით მიუთითა , სად რა დაიცალა, რობიზონ კირვალიძემ კი, განაცხადა, რომ ჯოჯუა მანქანიდან საერთოდ არ გადმოუყვანიათ და არც ხელი გაუშვერია,“ - ამბობს ადვოკატი მერაბ მირცხულავა და გელა ჯოჯუას დაკავებას აღწერს.

მისი თქმით, ჯოჯუა სენაკის რაიონ სოფელ სახარბედიოში, ეკა ეჯიბია-კოპალაძის საცხოვრებელ სახლში 2014 წლის 15 ნოემბერს დააკავეს. მოწმეები ადასტურებენ, რომ ამ დროს ჯოჯუა ნასვამი იყო. „ეკა ეჯიბიას სახლში პოლიციის 10-მდე, უფორმო თანამშრომელი შევარდა, ჯოჯუა ტახტიდან გადმოათრიეს და ისე, რომ არც უფლებები განუმარტავთ და არც დაკავების ოქმი თუ ორდენი უნახებიათ, ბორკილები დაადეს და პოლიციის განწყოფილებაში წაათრიეს, სადაც, როგორც ჯოჯუამ მითხრა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მირტყამდა, მაგინებდა და მემუქრებოდაო. ასეთი ზეწოლით მოაწერინა ხელი პოლიციამ ჯოჯუას წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე, რის საფუძველზეც, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, ე.წ. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს,“ - განმარტავს ადვოკატი და დასძენს, რომ გამოძიებას ერთი მტკიცებულებაც არ აქვს, რომლითაც ჯოჯუას და სხვა დაკავებულების ბრალი მტკიცდება. სხვთა შორის, პროკურატურამ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები წარმოადგინა, მაგრამ იმის დასადასტურებლად, ეს კდრები ნამდვილია თუ არა, ესპერტიზა არ ჩატარებულა. „ფაილებზე არაა ასახული წელი, თვე , რიცხვი და საათი. მეტიც, საერთოდ არ ჩანან არც - ჯოჯუა, არც - ინალიშვილი და არც - მათი მანქანები,“ - განმარტავს მერაბ მირცხულავა.

ინალიშვილის ადვოკატმა მალხაზ ბარძიმაძემ განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია. მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია: „...ბრალდებულებმა - გელა ჯოჯუამ და მალხაზი ინალიშვილმა პირდაპირ დაადანაშაულეს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო, ანუ ბრალდებულებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ სცემდნენ. ასევე , განახორციელეს ფსიგოლოგიურ ზეწოლა, რაც გამოიხატა ოჯახის წევრების მიმართ მუქარაში... გარდა იმისა, რომ გელა ჯოჯუა და მალხაზ ინალიშვილი პირდაპირ ადებენ მოქმედ პოლიციელებს ხელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლის განხორციელებაში, რაც თავისთავად მოიცავს დანაშაულის ნიშნებსა და ამაზე აქამდეც უნდა დაწყებლიყო გამოძიება, მალხაზ ინალიშვილმა სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ 2015 წლის აპრილის თვეში, მაშინ, როცა უკვე მიმდინარეობდა ამ საქმეზე სასამართლო განხილვა, მასთან ქუთაისის #2-ე დაწესებულებაში, ადვოკატის გარეშე, ისე, რომ ამის შესახებ არ უთხოვნია, მივიდა ქ. ფოთის საქალაქო პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე და, მ. ინალიშვილის განცხადებით, მასზე ახდენდა ზეწოლას, რომ ეღიარებინა პოლიციის განყოფილებაში ზეწოლის შედეგად ხელმოწერილი ჩვენება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, თუმცა ხელს აძლევდა ბრალდების მხარეს...“. მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში, რომელიც 29 მაისით თარიღდება, ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დაუშვებელია, ამ საქმეზე გამოძიება აწარმოოს ქ. ფოთის ან სამეგრელო ზემოსვანეთის საოლქო თუ ქ. ფოთის საქალაქო პროკურატურამ, სანამ არ გაირკვევა, რატომ იყო ალექსანდრე გოგუაძე, საქალაქო პროკურორი, მალხაზ ინალიშვილთან ციხეში შესული, საეჭვო ვითარებაში, ადვოკატის გარეშე და, მართლაც, ხომ არ ახდენდა ბრალდებულზე ზეწოლას.. უმორჩილესად გთხოვთ, დაიწყოთ წინასწარი გამოძიება ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რათა დადგინდეს ბრალდებულების განცხადებები მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ შეესაბამება თუ არა სინამდვილეს.“

როგორც აღვნიშნეთ, მთავარი პროკურატურისგან ადვოკატს პასუხი არ მიუღია. ამასობაში კი, 30 ივნისი დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამსართლემ ტრაილერის მძღოლებს განაჩენი უნდა გამოუტანოს.

არსებობს მოლოდინი, რომ მათ დამნაშავედ სცნობს, არადა, როგორც ამბობენ, ტერმინალიდან არაფერი დაკარგულა და ყველაფერი ეს მავანთ სადაზღვევო ფულის „მოსახსნელად“ დასჭრდათ. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ქართული თემიდა ისევ თვალახვეულია. უფრო მეტიც, საქმეში შესაძლოა, კორუფციის ნიშნებიც გამოიკვეთოს. მაგრამ ასეც, რომ არ იყოს და ტრაილერები თუ მართლაც დაიკარგა, ვითარება აბსურდის თეატრს უფრო ემსგავსება. სად არის ტრაილერები? ტრაილერი რა ნემსია, რომ თივის ზვინში გადამალონ? ამ შემთხვევაშიც კი რატომ არ ადებს არც ერთი მოწმე ხელს ჯოჯუასა და ინალიშვილს? და რითი ხელმძღვანელობს პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ბრალდება? არის კი სახელმწიფოს ინტერესებში უდანაშაულო ადამიანების დასჯა? აქ ერთადერთი იმედი ისევ და ისევ მართლმსაჯულებაზე, კონკრეტულად კი სასამართლოზეა. და მაინც რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, არის ის რეალურად დამოუკიდებელი თუ კვლავ პროკურატურაზეა მიბმული ამას ჯოჯუა-ინალიშვილის, ანუ ტრაილერების საქმეც გვაჩვენებს.

გიორგი ლებანიძე

 

ავტორი: . .