უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ სულ უფრო მზარდ საფრთხეს წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ მან „პირველი სტუდიას“ ეთერში განაცხადა.
« „ისლამური სახელმწიფო“ სულ უფრო მზარდ საფრთხეს წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსათვის. ასეთი ტიპის აქტიურობისთვის, ხალხის რეკრუტირებისთვის, ის რეგიონები არის საინტერესო, სადაც არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და სუსტი სახელმწიფო. ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ეს ელემენტი სახეზე არის და ამისი დიდი ხნის პრეისტორია არსებობს. მეორე პოტენციური საფრთხის რეგიონი არის ცენტრალური აზია. ჩვენ ვიმყოფებით გეოგრაფიულად ამ ორი რეგიონის გზაჯვარედინზე. ეს ზრდის ალბათობას, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით გახდეს ჩართული ამ პრობლემაში», - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ამასთანავე უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა რეაგირების სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შემუშავება.
„იმისთვის, რომ ეს პრობლმა სამომავლოდ იყოს თავიდან აცილებული, ამ პრობლემის ყველა ცალკეულ ელემენტზე რეაგირების სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შემუშავება არის საჭირო. ეს არ არის ან ძალოვანი უწყებების პრობლემა ან ცალკე აღებული სოციალური პრობლემა. ეს არის ერთი მთლიანი სახელმწიფოებრივი პრობლემა, რომელსაც მზარდი ხასიათი აქვს“, - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.