საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე აღნიშნა. სერჟანტთა დღესთან დაკავშირებით, ვაზიანის პოლიგონზე სპეციალური ტურნირი გაიმართა.
შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 50 სერჟანტი ერთმანეთს ზოგად სამხედრო ტესტში, 400 მეტრზე სიმძიმეებით სირბილსა და 5 კილომეტრიან მარშ-ნახტომში შეეჯიბრნენ. მარშ-ნახტომის დროს სამხედროებმა სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებები გადალახეს და საბრძოლო სროლებშიც მიიღეს მონაწილეობა.
მოგვიანებით, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სერჟანტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და ტურნირში მონაწილე სამხედროებს სერთიფიკატები გადასცა.
შეჯიბრში გამარჯვებულმა I ქვეითი ბრიგადის სერჟანტებმა გარდამავალი თასი მიიღეს. მეორე ადგილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა გახდა.