"ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოც საფრთხედ განვიხილავს და მის მოქმედებებს უყურადღებოდ არ ტოვებს, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვახტანგ კაპანაძე ,,ისლამური სახელმწიფოს” მიერ კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ.
,,უდავოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი ასევე განვიხილავთ "ისლამურ სახელმწიფოს" საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის შეიარაღებული ძალები თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლებიც ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს. "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება", - განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ ჩეჩენი და დაღესტნელი საველე მეთაურების "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებაში გადასვლაში ახალი არაფერია.
"ეს დიდი სიახლე ჩვენთვის არ არის, რადგან მანამდეც რამდენიმე საველე მეთაურმა – ჩეჩენმა თუ დაღესტნელმა განაცხადა თავისი დაქვემდებარების შესახებ "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ", - აღნიშნა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.