საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება.
გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.
შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე.
ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. საუბარი შეეხო ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვასაც.
გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტების უფროსებმა გენერალ ბრედშოუს პრეზენტაციები წარუდგინეს.
დღესვე, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება.
გენერალი ბრედშოუ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.