ფრანგული "სუპერ პუმას" ვერტმფრენები შესაძლოა, გაყიდვის ნაცვლად, სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის გადაკეთდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მათი გაყიდვა ისე ძვირად ვერ მოხერხდება, როგორც არის ნაყიდი.
"ეს ვერტმფრენები არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. საუბარია რომ გადაკეთდეს, რადგან არსებული სახით გამოსადეგია იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ბედნიერ ქვეყანაში და ხელისუფლების წარმომადგენლები სუპერკომფორტული, ლუქს ტიპის ვერტმფრენით იფრენენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა. შესაძლოა, გადაკეთდეს და სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, ან ინტენსიურ რეჟიმში უნდა ვეცადოთ გაყიდვას, თუმცა არა მგონია იმ ფასად გაიყიდოს, რა ფასადაც ვიყიდეთ, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია, ან უნდა დავითვალოთ რა დაჯდება მათი გადაკეთება", - განაცხადა მინისტრმა.