საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მარნეულში საავიაციო ბრიგადას ესტუმრა. მინისტრთან ერთად მარნეულში გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგო ძაგნიძე იმყოფებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ საავიაციო ბრიგადაში არსებული ინფრასტრუქტურის სახურავები დააზიანა. ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანისა და განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გამომდინარე იმ დიდი სამუშაოებისა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, ქვედანაყოფში ჩათვალეს, რომ ადგილობრივი ძალებით შეეძლოთ ყველაფერს გამკლავებოდნენ. ამიტომ, გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროში დახმარების შესახებ, დამატებითი თხოვნა არ ყოფილა. ადგილზე მინდოდა მენახა, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. სახურავები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს. ამ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბრიგადის დათვალიერების შემდეგ.