საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელის ვიზიტი ევროპის სამ ქვეყანაში - შვეიცარიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში შედგება.
„რამდენიმე ქვეყანაში ერთობლივად გვექნება ვიზიტი. პირველ რიგში საფრანგეთში მივდივართ ორმხრივი შეხვედრებისთვის. დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან. ასევე, დავესწრები ყოველწლიურ სამხედრო გამოფენას, სადაც გვექნება შეხვედრები, მათ შორის იმ კომპანიებთან, რომლებთანაც საქართველო თანამშრომლობას გეგმავს. გარდა ამისა, სამი საერთაშორისო ფორუმია ამ კვირაში, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ - ორი ავსტრიასა და ერთი შვეიცარიაში. თავდაცვის მინისტერიალამდე, რომელიც თვის ბოლოს ტარდება ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კოლეგასთან მოვახერხო შეხვედრა. ამიტომ, სწორედ ასეთ ფორმატში ჩავთვალეთ მონაწილეობა ყველაზე მარტივ საშუალებად, რათა მოვიცვათ ფართო სპექტრი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე ევროპელი თავდაცვის მინისტრების“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.