დღეს დილით ოდესის ოლქის ხელმძღვანელის ოფისთან უკრაინული ნაციონალისტური-პატრიოტული ორგანიზაციების რამდენიმე ასეული აქტივისტი შეიკრიბა. მათი მიზანი ახალ გუბერნატორთან, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრა და მასთან დიალოგი იყო.
შეკრებილებს შორის ,,მემარჯვენე სექტორის,” ,,საზოგადოებრივი უშიშროების საბჭოს,” ,,ავტომაიდანის” და ,,დემოკრატიული ალიანსის” წარმომადგენლებიც იყვნენ.
ხსენებული ორგანიზაციების აქტივისტებმა ხელი მოაწერეს ოლქის გუბერნატორის სახელზე დაწერილ მიმართვას, სადაც ისინი საინიციატივო შეხვედრის ორგანიზებას და რეგიონის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას ითხოვდნენ.
მიმართვის გაგზავნამდე მიხეილ სააკაშვილი აქტივისტებთან შესახვედრად თავად გამოვიდა და ყველანი ადმინისტრაციის შენობაში მიიწვია.
,,აქ ყველა ჩვენიანია. ყველა მსურველი შემოვიდეს, იმედია, ადგილი ყველას ეყოფა.” - განაცხდა მან და აქციის ხელმძღვანელები სხდომათა დარბაზში შეიპატიჟა.
შეხვედრაზე უკრაინელმა ახალგაზრდებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ოდესის მოსახლეობას აწუხებს, მათ შორის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობაზეც.
სააკაშვილი მათ შეპირდა, რომ აუცილებლად მოიძიებს ინვესტორებს და მეწარმეებს, მათთან ერთად განიხილავს ისტორიული არქიტექტურის სავალალო ყოფას და გამოსავალსაც მონახავს.
,,აქტიურები, ჭკვიანები, პატრიოტები - თქვენ ჩვენი იმედი ხართ. მე ვერ შევძლებ დაგროვილი პრობლემები დამოუკიდებლად მოვაგვარო. მე მაშინებს ის დიდი იმედი, რასაც ჩემზე ამყარებენ. თუ ხალხმა თავად არ იაქტიურა, ნურავის ნუ განსჯიან, ნურც ,,კეთილ მეფეს,” რომელიც არ არსებობს.” - განუცხადა უკრაინელ პატრიოტებს სააკაშვილმა.