საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რუსეთი უნდა შეეგუოს საქართველოს დამოუკიდებელ სამხედრო პოლიტიკურ ხედვებს.
გენერალმა, ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალთან ჟან-პოლ პალომეროსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უფლება ისწრაფვოდეს თავდაცვისუნარიანობის და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ.
"რაც უნდა მტკივნეული იყოს ეს, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, აქვს დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები, დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკური ხედვები და ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისთანაც ჩავთვლით საჭიროდ, განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისი გეგმა, რომელსაც მიჰყვება და მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან.