,,ქართულ ოცნებაში” ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. კაბელების საქმეზე საიდუმლო გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ირაკლი ალასანია პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.
„არანაირი შეთანხმება ბატონ ბიძინასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის არ არის, არ მომხდარა და არც მოხდება. დღეს სასამართლო არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალი, ვიდრე იყო წინა წლებში და ჩვენი მიზანია, რომ ის იყოს კიდევ უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი. რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური განაცხადია“, - დასძინა კობახიძემ.
ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და რამდენიმე მოსამართლემ მოილაპარაკეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოში შეიცვლება ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „სასამართლოების შესახებ კანონში“ აღარ შევა ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას შეეხება.