ვეტერანებისა და შშმ პირთა მხარდასაჭერი მარათონის "ერთად ვიმარჯვებთ" გამარჯვებულები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სიმბოლური თასებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
მისი თქმით, საამაყო და სასარგებლოა ამ ადამიანებთან ერთად გარბენში მონაწილეობა.
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ქართულ საზოგადოებას სჭირდება ეს ადამიანები და მათ გვერდით დგომა” - აღნიშნა მინისტრმა და პირველ ადგილზე გასულებს მარათონში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
მარათონში მეორე ადგილზე გასულები გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დააჯილდოვა, მესამე ადგილოსნებს კი პრიზები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გადასცა.
თავდაცვის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად საბურთალოს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე ირბინა.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, გაოცებულია მინისტრის გამძლეობით, რომელმაც 5,5 კილომეტრი ირბინა.
"იმედია, ყველამ ისიამოვნა. ლამაზი საჩუქარი მივუძღვენით თბილისს და ჩვენს მებრძოლ ბიჭებს. ეს არის ჩვენი ბიჭების გვერდზე დგომის გამოხატვა. ის, რაც დღეს ქართველებს და საქართველოს სჭირდება, არის ჯანსაღი ცხოვრება", - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.