საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელის თხოვნის გათვალისწინებით, არ დაიჭირა. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,ქართუ ბანკის” საკითხი ,,მისი პირადი” იყო და შეეძლო გადაწყვეტილება თავად მიეღო.
,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ივანიშვილმა.
გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებაზე კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა მას სხვა დარღვევებიც ჰქონდეს, რასაც დამტკიცება დასჭირდება.