საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ესტონეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ოფიციალური ვიზიტებიც დაიგეგმება. „წელს რამდენიმე ვიზიტი იქნება ტალინში. სწორედ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ეს ურთიერთობები და რაც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს სახელმწიფო გვაძლევს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გაფართოებული შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან ინტენსიური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.
შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში, ასევე, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ექსპერტული მხარდაჭერა. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.