ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საკონფერენციო დარბაზში 8-10 ივნისს გაიმართება. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
ნატოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა განავითაროს არაწევრ სახელმწიფოებთან. პარტნიორ ქვეყნებს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 60-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას შორის 20-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა.
მედიის წარმომოადგენლებს გიწვევთ შემდეგი ღონისძიებების გასაშუქებლად:
9 ივნისი, 2015 წელი
08:00 - კონფერენციის გახსნა
სიტყვით გამოვლენ ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და სხვები.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სემინარი გაგრძელდება დახურული სესიების ფორმატში
10:30 - პრესკონფერენცია
ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე .