ნატო-ს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა "გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში" ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში იმართება. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფოტოგამოფენა ალიანსის შტაბ-ბინაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ მარიეტ შურმანის მოწვევით მოეწყო.
მარიეტ შურმანი 30 მარტს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოში გამართულ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციის მთავარი თემა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნულ დონეზე განხორციელება იყო.