უნდა გავამრავლოთ მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში განაცხადა, სადაც თავდაცვის აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
,,თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი მეფის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად მოუტანა სტაბილურობა, სიძლიერე და მომავალ თაობებს მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ წინაპართა ტრადიციები. დავით აღმაშენებლის სამხედრო მიღწევებს მსოფლიოში ასწავლიან და სწავლობენ. დიდგორის ბრძოლა, რომელიც ბევრი სამხედრო სტრატეგისთვის სახელმძღვანელო გახდა, არის ის, რასაც სწავლობთ თქვენ და სწავლობენ სხვებიც, მაგრამ არ იქნება სწორი, დიდგორის ბრძოლა შევისწავლოთ მხოლოდ იმ დღის კონტექსტში, როცა ის მოხდა. ჩვენმა დიდმა წინაპარმა ეს ბრძოლა 30 წლით ადრე დაიწყო და დაიწყო ქართული ჯარის გაძლიერებით, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებით, იმით, რასაც აკეთებთ დღეს თქვენ – ჯარში ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდი წინაპრისგან. ჩვენ უნდა დავინახოთ ის მთავარი გადაწყვეტილები, რომლებიც მაშინ იქნა მიღებული. რას აკეთებდა ჩვენი დიდი წინაპარი? – ის ამრავლებდა მეგობრებს და ცდილობდა, გაეთიშა თავისი მტრები. აი, ამ დიდი წინაპრის გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი, ოფიცერი თუ პოლიტიკოსი _ ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები”, - მიმართა პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს.