საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. სამხედროებმა ერთობლივი სწავლების დასრულება საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნის დროს ამერიკული „ბრედლებით“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქსმ2-ებით შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა სამხედროებისგან ადგილმდებარეობის მაკეტზე ტაქტიკური სიტუაციის ანალიზი მოისმინეს. საზეიმო ცერემონიის დაწყებისას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.
„გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი და შემართება მოქალაქეების მშვიდობიანი არსებობის გარანტიაა“-ასე მიმართა უმღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს. „ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე, იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყო საქართველოს მიწაზე, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც, არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვიათ ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
"ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
სწავლებაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
გიორგი მარგველაშვილმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ვერცხლის მედალიონებით დააჯილდოვა.