,,ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით”, - ასე მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში სამხედროებს, სადაც ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველმა ჯარისკაცებმა, საერთაშორისო მისიებში დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გაუძლონ ყველა წინააღმდეგობას ყველაზე რთულ ადგილებში.
,,ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.