„მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა”, _ამის შესახებ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამერიკელმა გენერალმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.
,,ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, მისი ევროპასთან კავშირი კიდევ უფრო მტკიცეა. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ამ სწავლებიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება და წელს მიღებული გამოცდილებაც გამოგვადგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ეს ერთობლივი სწავლებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატულებაა”, -აღნიშნა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.