საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას ამერიკელი სამხედროებიც მიიღებენ. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მომავალ წელსაც გაიმართება.
„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების წარმატებაზე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს 26 მაისს, იქნება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი, როგორც ნიშანი მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დღეს, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება და დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.