საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები გაიმართა.
ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომაზე გენერალმა შეხვედრის მონაწილეებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო.
ბრიუსელში ვიზიტისას გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. იგი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს, ასევე, ორმხრივ ფორმატში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.