თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგვისტოს ომში და სამშვიდობო ოპერაციების დროს დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილი აქვს უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ კატეგორიის მეომართა საკითხებზე იმუშავებს.
"თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მუშაობდა ამ პრობლემატიკაზე. ამ წუთის მდგომარეობით უკვე მყავს ორი მრჩეველი, ასევე ჩემი ერთ-ერთი მოადგილის პირდაპირი ვალდებულება იქნება სწორედ აღნიშნული საკითხის კურირება, მაგრამ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია შეიქმნას უწყებაში სპეციალური დეპარტამენტი, სადაც მივლენ ეს ადამიანები და მათ ეცოდინებათ ვის უნდა ელაპარაკონ”,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის მეომრების პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული.